ყოფილი ძველი კანტორა


ძ ვ ე ლ ი   კ ა ნ ტ ო რ ა

        გაუწყინარის ცენტრში, სადაც ამჟამად ტაძრის მშენებლობაა  დაგეგმილი და ეს ადგილები უკვე შემოღობეს ჩაბეტონებულძირიანი მავთულბადეებით, ადრე გაუწყინარის ყოფილი ლენინის სახელობის კოლმეურნეობის კანტორა და ეზო იყო. ის 40 - იან წლებამდე ცნობილი რევოლუციონერის მიხა ცხაკაიას სახელობისა იყო. ამ ეზოში ადრე ხის კანტორა იდგა, რომელიც შემდეგ დაშალეს და იქვე ახლოს 1973 წელს სომხეთის მუქი ფერის ქვის (ისინი გარედანაა ამოყვანილი, შიგნითა მხარეს კი შენობა აგურისაა) კანტორა ააშენეს, რომელიც 1 მეტრი სიმაღლის ფუნდამენტზე იდგა და შიფერის გადახურვა ჰქონდა. იქ იყო მოწყობილი ოთახები, კაბინეტები, სადაც მუშაობდნენ მოლარე, სტატისტიკოსი, დამლაგებელი ლიანა აშვეთია (მანამდე კი ვენერა თედორაძე, ლუბა ჯანჯღავა), დარაჯი (ყარაული) გურამ შათირიშვილი, შოთა ფირცხალავა. აქ მომუშავეთა ნაწილი იგივე იყო, ვინც ახალ კანტორაში მუშაობდა. სხვადასხვა დროს კოლმეურნეობის თავმჯდომარეები იყვნენ: გალაქტიონ არველაძე, კაპიტონ გოგიშვილი, გალაქტიონ თოდუა, იულია დუნდუა, კოლია ჩარგეიშვილი, დავით მელია, კარლო გრიგოლია, კონსტანტინე ქუნთელია, ჭიჭიკო დუნდუა, შალვა ვასაძე, სერგო რატიანი (თავმჯდომარედ მუშაობდა 1954 – 1970 წლებში), რობერტ რატიანი (1970 – 1982 წწ.), თეიმურაზ დუნდუა (1982 – 1985 წწ.), ისევ რობერტ რატიანი (1985 – 1990 წწ.), ვაჟა კოპალეიშვილი (1990 – 1991 წწ.), ადრე იყვნენ სხვა თავმჯდომარეებიც. ბოლო თავმჯდომარე აქ მალხაზი თურქია იყო, 1991 წლიდან 1994, კოლექტივის სრულად დაშლის წლამდე. ახალ კანტორაში გადატანამდე აქ იყო განთავსებული სოფლის ბიბლიოთეკაც, რომლის გამგედ გაღმა ქუჩელი ჟენია ფრანგიშვილი მუშაობდა. იმ კანტორას უკანა მხარეს პატარა დარბაზი ჰქონდა, მოგვიანებით ერთ ოთახში სატელეფონო სადგური (ატს) მოაწყვეს, რომელიც სოფლის მაშინდელ სატელეფონო ქსელს ემსახურებოდა, ასევე კოლექტივში რაციებიც ჰქონდათ. მოგვიანებით ეს კანტორა ზემოთ ნახსენებ ახალ შენობაში განათავსეს, თუმცა ეს შენობა ნაწილობრივ მაინც ფუნქციონირებდა. მის გვერდით 1993 წლის 23 ოქტომბერს, სამოქალაქო ომის დროს, ღამით აქაც ჩამოვარდა ჭურვი, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა. ეს კანტორა კოლმეურნეობის დაშლასთან ერთად ნელ - ნელა განადგურდა და დღეს აქ მხოლოდ მისი კედლები და წინა მხარეს დარგული თუთის ხეებია შემორჩენილი.


ყ ო ფ ი ლ ი   კ ა ნ ტ ო რ ი ს   კ ე დ ლ ე ბ ი

ამ კოლმეურნეობის ეზოში ადრე ძველი ხის საწყობი იყო, რომელიც დაინგრა. წინათ აქვე იყო ზემოთ ნახსენები გადმოტანილი მეფრინველეობის ფერმაც. ასევე ეზოს წინა მხარეს, სკოლის ღობის გვერდით აგებული იყო ბერკეტის მეორე საწყობი, სადაც „ნასიპად“ ღებულობდნენ ქატოსა და სხვა პროდუქტებს. შემდეგ უკანა მხარეს ააგეს დიდი რკინის საწყობი, რომელიც გარედან დაფარული იყო ფურცლოვანი შიფერით. იქ ყრიდნენ და ინახავდნენ კოლექტივის ყანებში მოწეულ დიდი რაოდენობით სიმინდს, ხახვს, ჭარხალს (ბოლოკს) და სხვა ჭირნახულს. აქვე ჰქონდათ სიმინდის ელექტროსაფშვნელი მანქანა, დასათეს სიმინდს კი ხელით ფშვნიდნენ, რადგან საფშვნელის კბილანებს მარცვლები არ დაეზიანებინათ; საწყობში სხვა მოწყობილობებიც ჰქონდათ. ბოლოს ეს საწყობი დაშალეს და გაყიდეს. მათ გარდა კოლმეურნეობას კიდევ ეკუთვნოდა მეღორეობისა და მესაქონლეობის ფერმებიც, სოფლტექნიკის ეზო და მთელი სახნავ - სათესი მიწები.


ყ ო ფ ი ლ ი   ს ა წ ყ ო ბ ი

უფრო ადრე კანტორის მახლობლად ხის პატარა საპარიკმახერო იყო, სადაც პარიკმახერად აქვსენტი გრიგოლია მუშაობდა. მოგვიანებით ის დღევანდელ მარშრუტკის გაჩერებასთან გადმოიტანეს და იქ პარიკმახერი ჯერ ვახტანგ (ვახტო) თურქიას მამა, კონსტანტინე (კოლია) თურქია იყო, შემდეგ კი ზესტაფონელი ანდრო. 90 - იან წლებში აქვე ახლოს, ქვიშანჭალის გზის მხარეს ზაზა თურქიასა და ვახტანგ გოთოშიას კუთვნილი, ბეტონის ფილებზე მდგარ პატარა ვაგონში განთავსებული კოოპერატივი, კომერციული მაღაზია იყო, სადაც გამყიდველად სხვადასხვა დროს ნანა ჯანჯღავა, ნანა სურგულაძე და შორენა აშვეთია მუშაობდნენ.
კანტორის ეზო სულ ადრე ეკლებით იყო შემოღობილი, შემდეგ კი ღობე გააუმჯობესეს. მომდევნო წლებში ის წინიდან ლითონის ტალღოვანი ფურცლებით შემოღობეს, რომელსაც მაღაზიასთან პატარა ჩასასვლელი კარი ჰქონდა, დანარჩენი გვერდი და უკანა მხარე კი 8 მილიმეტრი დიამეტრისა და 7 სანტიმეტრი უჯრედების მქონე მავთულბადით იყო შემოვლებული, რომელიც თავის მხრივ 1,3 მ. სიმაღლისა და 2,5 მ. სიგანის „უგოლნიკებით“ შეკრულ მართკუთხა ჩარჩოებში იყო ჩასმული, რომლებსაც ზემოთ ფიგურები ჰქონდათ. ადრე ამ ეზოს დიდი ჭიშკარიც ჰქონდა ოთარი ჯანჯღავას სახლის წინ. აქ სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის სიმრავლე იყო: სხვადასხვა მარკისა და ტიპის ტრაქტორები („ბელარუსი“, „მტზ“, კ - 701, დტ, ტ - 150, მუხლუხოებიანი, ცეფებიანი და სხვა) და სატვირთო ავტომობილები, „ბელარუსის“ ციცხვიანი (კომშიანი) ექსკავატორი (ეს ექსკავატორი დღესაც ჰყავს რომანი სურგულაძეს, რომლითაც მრავალი გაუწყინარელი და სხვა სოფლელი სარგებლობს არხის ამოსაღებად, ცემენტის მისივე „ბაიოკში“ მოსაზელად და „პლოშადის“ დასასხმელად, მოსავლის „ლაფეტით“ წამოსაღებად, სიმძიმის ასაწევად და გადასატანად თუ სხვა საქმიანობებისათვის), საწამლავი მანქანები, გუთნები, სათესები, კულტივატორები, ფარცხები, დისკები, სათადარიგო ნაწილები, ასაწევი მექანიზმი (ე. წ. „ტალი“), დიდი სატვირთო მანქანების სასწორი, საწვავის ავზები, ასევე მუდმივი შრომა და გარჯა ამ ( და ასევე სხვა) ადგილების განუყოფელი სიმბოლოები იყო. კანტორის შენობის გვერდით დიდი ხე იდგა, მის ქვემოთ „სკამეიკები და სტოლი“ დადგეს. ადრე ახლანდელ ბირჟასთანაც იყო მაღალი ხე, რომელიც მერე მოჭრეს და მისგან ფარცხი გააკეთეს. აქ, იმდროინდელ კოლმეურნეობაში მეზობელი  სოფლებიდანაც მუშაობდნენ მექანიზატორები, მძღოლები, გამრემონტებლები, აგრონომები, მუშები. ბოლო დროს მექანიზატორები (ტრაქტორისტები) იყვნენ: ადგილობრივები - ვიტალი რურუა, შაქრო ქუთათელაძე, რომანი სურგულაძე;  სატვირთო ავტომანქანის („კამაზის“) მძღოლი რობერტ (დემური) ჯანჯღავა, ავტობუსის მძღოლი გულთაში რატიანი და სხვები. სხვა სოფლებიდან და აბაშიდან  მექანიზატორები იყვნენ: გია (გიალო) გეგეშიძე, ზაური ზაქრაძე, მოგელი მინდაძე, რეზო მიგინეიშვილი, ნოშრევან, ემზარ (გულწითელა) და ნოდარ გაბელაიები, მამუკა თედორაძე, გამრემონტებელი ნუკრი ლასარეიშვილი, საწყობის გამგე ჯონდო თოდუა (ადრე მისი გამგეები იყვნენ აკაკი თოფურია, ბუჭა სურგულაძე, ჟორა შალვაძე) და სხვები. უფრო ადრე აქ მრავალი სხვა ადამიანი მუშაობდა ამა თუ იმ თანამდებობაზე. კოლექტივში მუშები გაერთიანებულნი იყვნენ რამოდენიმე ბრიგადაში, რომლებსაც ბრიგადირები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ: ჯემალ თოდუა, ივანე არველაძე, მამია ჯანაშია, მურმან შათირიშვილი, ბონდო ლორია. სოფლის ყანებში დადიოდნენ მეველეები (მაგალითად სერგო ხაჟომია, შოთა კოხრეიძე, კოწია გრიგოლია), რომლებიც მას პირუტყვისაგან მწყემსავდნენ. კოლექტივში და სხვაგანაც წარმატებულ მუშებს, თანამშრომლებს აძლევდნენ ფულად პრემიებს, სიგელებს, მედლებს, ზოგჯერ მათ გაზეთებშიც წერდნენ, იშვიათად ტელევიზიითაც გამოაქვეყნეს. მაშინ არსებული ერთადერთი პარტიის - კომუნისტური პარტიის (კომპარტიის) წევრობა თითქმის სავალდებულო იყო.
იმდროინდელი კოლმეურნეობის ფართობებში მრავალი სახის მოსავალი მოჰყავდათ: უმეტესად სიმინდი, ასევე ჭვავი, შვრია, ხახვი, ჭარხალი (ბოლოკი), კიტრი, პომიდორი, ლობიო, რეჰანი, გერანი, ბაზელიკი; უფრო ადრე კი ბამბა და რამი, რომელთაც კოლმეურნეები უვლიდნენ და მათ შრომადღეს, ხელფასს უწერდნენ. შრომის მეტი წილი მექანიზებული იყო, რამოდენიმეჯერ ყანებში სასუქი შესაფერისი თვითმფრინავებითაც კი მოაყარეს, რომლებიც ქ. აბაშის ასაფრენი ზოლიდან მოფრინავდნენ. ფართოდ გამოიყენებოდა აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, ჰერბიციდები, შხამ - ქიმიკატები და მცენარეთა დაცვისა და მოვლის სხვა საშუალებები. ნაკვეთებში და კოლმეურნეობის ეზოში დროგამოშვებით სკოლის მოსწავლეებსაც ამუშავებდნენ. სოფლელებს ყანები გაპიროვნებული ჰქონდათ, რომელთაც კოლექტივი ხნავდა, ფარცხავდა, დისკავდა, თესავდა, აკულტივაციებდა („ამაშინებდა“), სასუქს აყრიდა; პატრონები კი თოხნიდა და მოსავალს იღებდა. შემოდგომით ჩამხმარ სიმინდს ნამგლებით ჭრიდნენ, ყანებშივე ტეხავდნენ და რამოდენიმე დღით ჩალების კონებისაგან მოწყობილ დიდ კალოებში ინახავდნენ, ჩალას კი იქვე ზვინავდნენ. როდესაც კოლექტივის ტრაქტორი მოიცლიდა და მას თავმჯდომარე ნებას დართავდა, ის ყანებში წავიდოდა, მასზე მიბმულ „ლაფეტს“ დატვირთავდნენ და მოსავალი საწყობის ეზოში მიჰქონდათ. კოლმეურნეობაში მომუშავე გლეხებს დაწესებული ჰქონდათ გამოსამუშავებელი გეგმა, ე. წ. მინიმუმი, რომლითაც გათვალისწინებული რაოდენობის მოსავალს თუ ვერ მოიყვანდნენ, მაშინ მთელ მოსავალს (სიმინდი, ჩალა) კოლექტივში იტოვებდნენ, ხოლო თუ ამ გეგმას გადააჭარბებდნენ, ამ შემთხვევაში ნამატის 30 % - ს შინ გაატანდნენ, დანარჩენს კოლმეურნეობაში არსებულ საწყობებში განათავსებდნენ. 80 - იანი წლებიდან ეს წესი აბაშის მაშინდელმა რაიკომის მდივანმა გურამ მგელაძემ შეცვალა და კოლმეურნეებს მოწეული მოსავლის ნახევარს აძლევდნენ, მხოლოდ მათ გარკვეული რაოდენობის ყველი თუ ხორცი უნდა მიეყიდათ სახელმწიფოსათვის; ეს წესი ასევე სხვა დროსაც რამდენადმე შეიცვალა; ყოველივე აღნიშნული მოსახლეობაში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევდა. 70 - იან წლებში ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით აბაშასა და ფოთში განხორციელდა ე. წ. აბაშისა და ფოთის ექსპერიმენტები, რომლის დროსაც მოსახლეობას კერძო საკუთრებაში მისცეს მიწები და ცხოველები, რასაც გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა  მაშინდელ პერიოდში. საწყობის შენობებსა და ეზოში დაყრილი მოსავლის ნაწილი (სიმინდი, ხახვი) ფუჭდებოდა და უსიამოვნო სუნი და ორთქლი ასდიოდა. ერთხელ სამუშაოს  შესრულების დროს ავტოამწე („ამწეკრანი“) გადაბრუნდა და მისი მძღოლი იმსხვერპლა, ასევე იყო სხვათა დაშავებისა და შხამ - ქიმიკატებით მოწამვლის შემთხვევებიც. ბოლო ხანებში კოლექტივის ეზოს წინა დიდი ჭიშკარი გააუქმეს, სამაგიეროდ უკან დიდი საგორავი ჭიშკარი დააყენეს, საიდანაც ტექნიკა მოძრაობდა. მის გვერდით პატარა, დარაჯისათვის განკუთვნილი ბლოკის შენობა იყო,  რომელშიც ასევე ელექტროშედუღების („სვარკა“) აპარატი ინახებოდა, იქვე უკან არტეზიული ჭა ფუნქციონირებდა.
აქ  წინათ, 80 - იან  წლებამდე საწყობისა და მაღაზიის კედლებზე გაკრულ ეკრანზე ღამით, ღია ცის ქვეშ კინოფილმებს ატარებდნენ, რომელსაც სოფლის მოსახლეობა დიდი ინტერესით შესცქეროდა. მაშინ კინომექანიკოსები იყვნენ აბაშლები ივლიანე კაჭარავა, შემდეგ ტიტე (ტიტიკო) ჩხაიძე, ასევე მარნელი ლერი ანაკიძე. იმდროინდელი კინოფილმები გრძელ, გამჭვირვალე დახვეულ ლენტებზე იყო ჩაწერილი ერთმანეთისაგან მცირედ განსხვავებული ნახატებიანი კადრების გამოსახულებით, რომელიც სათანადო კინოაპარატში ნახტომებით ბრუნავდა და მძლავრი ნათურით მოძრავი გამოსახულება ლინზების გავლით ეკრანზე ეფინებოდა, ისმოდა ხმაც. დენის შემოსვლამდე კინოებს ელექტროგენერატორით უჩვენებდნენ. ბოლოს კი ფილმები უკვე ახალი კანტორის დარბაზში ტარდებოდა.
1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და სსრკ - ის დაშლის შემდეგ წლებში ქვეყანაში შექმნილმა სოციალურ - ეკონომიკურმა კრიზისმა, ომებმა და საერთოდ მაშინდელმა მდგომარეობამ, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ჩვენს სოფელშიც დაანგრია და გააპარტახა კოლმეურნეობა (1994 წელს); ტექნიკის ნაწილი  ადგილობრივებმა  შეისყიდეს, ნაწილი კი დაიმსხვრა და მიითვისეს. საწყობები დაანგრიეს, წინა მხარეს მდგარი ბერკეტის საწყობი მარინა თოდუამ შეისყიდა, დაშალა და წაიღო.  ბოლოს შეიქმნა აგროფირმა, რომელიც ფორმალურად ამხანაგობის სახელით ბოლო დრომდე არსებობდა, მას სოფელში ნაკვეთები ჰქონდა და აბაშელი კარლო გუგუშვილი ხელმძღვანელობდა. შემდეგ იქ ავტობანმა გაიარა, ნაწილი კი კერძო პირებმა შეისყიდეს. კოლექტივის ეზოს ირგვლივ შემოვლებული მავთულბადე ახსნეს და დაინაწილეს, ხოლო წინა ლითონის ტალღოვანი ფურცლების ღობით კი სასაფლაოს წინა მხარის ნაწილი შემოაკავეს. აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ხელით საბრუნებელი ასაწევი მექანიზმი - „ტალი“, ჭაბურღილის მიწაში ჩასობილი მილი, ასევე მაღაზიისა და საწყობების ნანგრევები. შემდეგ ამ ტერიტორიაზე გაუწყინარელმა ახალგაზრდა ბიჭებმა დარგეს წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების ნერგები, მაგრამ ვინაიდან მათ შემოღობვა და დაცულობა არ ჰქონდათ, პირუტყვმა დააზიანა, გადაჭამა და ახლა აქ მხოლოდ ადრინდელი ტირიფები, ჭადრები და ალვის ხეა გახარებული;  ეკლებიანი ხე - გრეკალი და ჭადარი ახლახანს მოჭრეს. ასევე აქ 2010 წლის ბოლოს, დეკემბერში სკოლისაკენ სამ მწკრივად დარგეს ნოსირიდან მოტანილი ფეიხოიას ნერგები, ახლადშემოვლებული ჩაბეტონებულძირიანი მავთულბადის ღობის გაყოლებაზე კი წიწვოვანები. ასევე გადაღმა, გზის კიდეებში ჩარგეს ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაქვიდან ჩამოტანილი ევკალიპტის ნერგები, რომლებსაც გარედან ეკლები შემოავლეს პირუტყვისაგან დაცვის მიზნით.
 ამ ადგილის ისტორია შემდგომ გრძელდება როგორც უკვე ტაძრის ისტორია, რაც ძირითად საიტზეა განთავსებული.


ყოფილი კოლმეურნეობი ეზო მიმდებარე ტერიტორიებიანად






Комментариев нет:

Отправить комментарий