ყოფილი მაღაზია


       
ყ ო ფ ი ლ ი   მ ა ღ ა ზ ი ა


           გაუწყინარში  დღევანდელი სასაფლაოს წინა მხარეს, სკოლისაკენ  ხის  მაღაზია იყო. ამ დროს გზაც რამდენადმე განსხვავებულად ჩადიოდა, შემდეგ მაღაზია დღევანდელი სკოლის ეზოს ტერიტორიაზე, წინა ადგილას, კოლმეურნეობის ეზოს მხარეს ააშენეს, სადაც გამყიდველად ნინა ფირცხალავა (მურმან ფირცხალავას მამიდა, ვოვა შუბლაძის აღმზრდელი) მუშაობდა. დაახლოებით 50 - იანი წლებიდან ის კანტორის ეზოში გადაიტანეს, რომელიც ასევე ხის შენობა იყო და იქ გამყიდველად გრიგოლ კალანდაძე (თენგიზ კალანდაძის მამა) მუშაობდა, შემდეგ თემური სურგულაძის დედა - თინა გოგიშვილი, იყვნენ სხვა ნოქრებიც, მაგ:  (მაგალითად) ლოლა გოთოშია. მოგვიანებით ამ მაღაზიაში გაღმა ქუჩელმა ლეილა გრიგოლიამ დაიწყო მუშაობა. მაღაზია მცირე ხანს იქვე წინ, ოთარი ჯანჯღავას ძველ, ბოკნებიან სახლში იყო განთავსებული, 1968  წელს კი მთავარი გზის პირას კაპიტალური მაღაზია ააგეს, რომელსაც უკანა მხარეს საწყობი ოთახი ჰქონდა. იქაც ლეილა გრიგოლია მუშაობდა ნოქრად (გამყიდველად).  იქ ყოველდღე მოდიოდა ახალი, ხარისხიანი „ბუხანკა“ პურები (სერი, თეთრი, „ტრიცატკა“), აქვე შეიძლებოდა მრავალი სახის სურსათის, საფეიქრო ნაწარმის, ტექნიკისა და ნივთების შეძენაც. მოგვიანებით კანტორის გვერდით ჩამოვარდნილმა ბომბმა მაღაზიაც დააზიანა. ლეილა გრიგოლიას შემდეგ გამყიდველი მისი ქმარი, გული ჯანაშია იყო, ბოლოს კი ჯონდო და მერი თოდუები. 90 - იანი წლების ბოლოს, როცა ქვეყანაში არეულობა დაიწყო, ჩვენს მაღაზიაშიც სურსათ - სანოვაგე დაცარიელდა და დაიხურა; ბოლოს კი ის დაშალეს და გაყიდეს. კომუნისტების მმართველობის მიწურულს ამ მაღაზიის წინ მოეწყო შიმშილობის აქციის იმიტაცია ძირითადად სოფელში ასფალტის დაგების მოთხოვნით, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კიდეც.



Комментариев нет:

Отправить комментарий