ყოფილი მესაქონლეობა


ყ ო ფ ი ლ ი    მ ე ს ა ქ ო ნ ლ ე ო ბ ი ს   ფ ე რ მ ა

    მეორე ქუჩის ბოლოს ყოფილი მესაქონლეობის ფერმაა. ის სულ ადრე მდინარე რიონის მახლობლად იდგა. შემდეგ კი ის 1967 წელს, დღევანდელი ფერმის ნანგრევების წინა მხარეს ააშენეს. ასევე ძველად ამ მიდამოების ახლოს ამჟამინდელი მოსახლეების ადგილას ხარების დასაბმელი ხის შენობაც ჰქონიათ აშენებული გაუწყინარის ეკლესიის დანაშალი მასალით. 1975 წლიდან კი უკვე მის წინ ახალი, ბერკეტის ფერმის შიფერით დახურული გრძელი შენობები ააგეს (2 ძირითადი შენობა), სადაც მანამდე ბაზელიკის სანერგე მეურნეობა იყო. ამ ფერმის ფართო ეზოში, რომელიც შემოღობილია მავთულბადეებით და წინ დიდი ჭიშკარი უყენია, მოწყობილი იყო წყლის ავზები, აუზი, სათანადო მილგაყვანილობა, სასილოსე ნაგებობები (ე. წ. სილოსის კოშკები), საცავები, სათავსოები და სხვა ტიპის საჭირო შენობა - ნაგებობები. ფერმას ჰქონდა ვრცელი საძოვარი. იქ სამუშაოები მეტწილად მექანიზებული იყო, რაც აადვილებდა მუშების შრომას და ზრდიდა მათი შრომის  ნაყოფიერებას, ხარისხს. ეს ობიექტი დენით თავისივე ტრანსფორმატორიდან მარაგდებოდა. ძროხები ლითონის გისოსებიან გალიებში („კლეტკებში“) იყვნენ მოთავსებულნი, მათ წინ საპირეები ჰქონდათ წყლისა და საკვების  მისაწოდებლად. საქონლის ორგანული ნარჩენები (ნაკელი) ელექტროძრავიანი სპეციალური ლენტისებური ტრანსპორტიორით (რომელიც იატაკის ღარში მოძრაობდა)  შენობის გარეთ გადიოდა, რომლითაც შემდეგ ყანების ნიადაგს ანოყიერებდნენ. აქ იყო მოწყობილი პირუტყვის საკვების გადამამუშავებელი საამქრო შესაბამისი აღჭურვილობით, ასევე მუშა - მოსამსახურეთა და სხვა ოთახები. ფერმაში ძროხებს ერთხანს ელექტროსაწველი აპარატებით წველიდნენ, მათი რაოდენობა სულ 500 სულს შეადგენდა. იქ ღებულობდნენ რძეს (ის სპეციალური ბიდონებითა და ცისტერნიანი ავტომანქანით მიჰქონდათ),  ყველს, სულგუნს, რომლებსაც ხორცთან ერთად სახელმწიფოს აბარებდნენ. თავის მხრივ  ეს ფერმა უხვად მარაგდებოდა კოლექტივში მოწეული სიმინდით, ჩალით, თივით, შემდეგნაირად ამზადებდნენ სილოსს: კომბაინებით ნედლად აღებულ, დაქუცმაცებულ ღეროიანი სიმინდის მოსავალს ჩაყრიდნენ ამოშენებულ ბეტონებს - კოშკებს შორის, დააყრიდნენ მარილს და ტრაქტორებით დატკეპნიდნენ, რაც ზამთარში პირუტყვისათვის ნოყიერი საკვები იყო. მესაქონლეობაში შესაბამისი ავტომანქანებით „ნასიპად“ მოდიოდა ქატო, მოჰქონდათ ცხოველებისათვის საჭირო პრეპარატებიც. მაშინ ადგილი ჰქონდა ცხოველებისა და ადამიანებისა ბრუცელოზით დაავადების შემთხვევებს.


ყ ო ფ ი ლ ი   ფ ე რ მ ა   შ ი გ ნ ი დ ა ნ

გაუწყინარის მაშინდელ მეძროხეობის ფერმაში მრავალი ადამიანი მუშაობდა და იღებდნენ სათანადო გასამრჯელოს ხელფასის სახით. ბოლო დროს მუშები და მწველავები იყვნენ: ივანე ლიფარეიშვილი, ვენერა, ტარიელ და რომან სურგულაძეები, იზო ბარათელი, ნინუცა ჯანჯღავა, ვარდო თურქია და სხვები; ვეტექიმი - ნორა თუთარაშვილი, ზოოტეხნიკი - ოლეგი რატიანი, ლაბორანტი კი ციცო ხუბუა იყო. ამ ფერმის გამგეები სხვადასხვა დროს იყვნენ: გრიგოლ კორძაია, კონსტანტინე ქუნთელია, შემდეგ ევტეხი (ტუხუნა) თურქია, რომელიც გამგე იყო 1974 – 1987 წლებში. მისი სიკვდილის შემდეგ,  1987  წლიდან  მისი შვილი ზურაბ თურქია ამ ფერმის ბოლო გამგე იყო (ადრე იყვნენ სხვა გამგეებიც). კოლმეურნეობის დაშლასთან ერთად ეს ფერმაც გაუქმდა. პირუტყვი ჩააბარეს, ტექნიკა და შენობათა ნაწილი დაშალეს და გაყიდეს. ამჟამად  აქ  ერთი დიდი და ოთხამდე პატარა შენობა და წყლის ავზია შემორჩენილი. მისი საძოვრის ეზო კი ყანებად დაინაწილეს; მოგვიანებით ის ბაჩუკი კოპალეიშვილმა შეისყიდა.
მეორე ქუჩის ბოლოს ბახვაჭალის  ფართობები იწყება, რომლის თავშიც მარჯვენა მხარეს დიდი სატვირთო ავტომობილების სასწორი იყო, იქვე ახლოს არის ჭაბურღილიც, არტეზიული ჭა, საიდანაც ხარისხიანი სასმელი წყალი დღესაც მუდმივად მოედინება თვითდინებით, რომელიც მოსახლეობას დააქვს სასმელად.

მაშინდელი მესაქონლეობის ფერმა






Комментариев нет:

Отправить комментарий