ყოფილი მეღორეობა


ღ ო რ ე ბ ი ს   ყ ო ფ ი ლ ი   ფ ე რ მ ა

        გაუწყინარში ქვიშანჭალისაკენ  მიმავალი გზის პირას, მარცხნივ არის ყოფილი მეღორეობის ფერმა.  ის 60 - იან წლებამდე არსენა სურგულაძის უკანა ეზოს მხარის  მიდამოებში იყო აშენებული, შემდეგ  ის  დაშალეს და აქ, ახალ ადგილზე ააშენეს ბერკეტის გრძელი შენობები (ორი ძირითადი შანობა, ამის გამო ამ ადგილებში ბგერის არეკვლას, ექოს ჰქონდა ადგილი), რომლებიც შიფერით იყო დახურული. უკანა მხარეს კი თეთრი აგურისაგან ნაშენი ღია სამწყვდევი იყო.  სულ ადრე აქ ხის ფერმაც იდგა, რომელიც შემდეგ დაშალეს. ამ ფერმის ეზოში მოწყობილი იყო წყლის რეზერვუარები, აუზი, ჭა, ჭაბურღილი, სათანადო წყალგაყვანილობა. ფერმა დენს ღებულობდა წინა ეზოში მდგარი ტრანსფორმატორიდან, რომელიც შეერთებული იყო იქვე გადამავალ მაღალი ძაბვის ხაზებზე. ფერმის შენობაში ჰქონდათ საფურაჟე წისქვილი,  ე. წ. „დრაბილკა“, რომელიც ახლა სოფლის წისქვილშია (ის მანამდე ოლეგი რატიანის სახლში მუშაობდა). აქვე იყო მოწყობილი ქატოს დასაყრელი და მუშა - მოსამსახურეთა ოთახებიც, ჰქონდათ ტელევიზორი. ღორები შენობებში ლითონის გისოსებიან გალიებში იყვნენ დამწყვდეულნი, რომლებსაც დროგამოშვებით ეზოში (ის ახლაც „სეტკითაა“ შემოღობილი, რომელსაც ადრე წინ რკინის დიდი ჭიშკარი ჰქონდა, ახლა კი ხის კარები აქვს) უშვებდნენ და აძოვებდნენ. გალიებს წინ საპირეები ჰქონდათ საკვებისა და წყლის მისაწოდებლად. ცხოველთა ორგანული ნარჩენები შენობებიდან ლენტისებური ტრანსპორტიორით (მას ელექტროძრავა, მოტორი, მატორი ამოძრავებდა,  გარეთ გადიოდა და ერთ ადგილას გროვდებოდა, რომელიც შემდეგ ყანებში გაჰქონდათ და მას ორგანული სასუქის სახით ნიადაგის გასანოყიერებლად იყენებდნენ. მოსახლეობასთან ახლოს ფერმებისა და საწყობების არსებობა სოფელში მწერებისა (ბუზები, კოღოები, რწყილები) და მღრღნელების (თაგვები) გამრავლებას იწვევდა, ასევე ახლომდებარე ადგილებში ცუდი სუნი ვრცელდებოდა.


წ ი ნ ა   ხ ე დ ი

აქ ერთ დროს 1000 - ზე მეტ ღორს ზრდიდნენ, უვლიდნენ და აბარებდნენ სახელმწიფოს. ფერმაში მუშაობდნენ ვეტექიმი, ზოოტექნოლოგი, მუშები. აქ მრავალი სოფლელი იყო დასაქმებული და ღებულობდნენ ხელფასს; ბოლო დროს ესენი იყვნენ: ვერა და სონია გოთოშიები, ვენერა, ჟანი (ჟანიკო) და გული სურგულაძეები, ნორა და ნანული თურქიები, შიო კომახიძე და სხვები. ფერმას სათანადოდ ამარაგებდნენ ქატოთი (რომელიც შესაბამისი სატვირთო ავტომანქანით „ნასიპად“, ე. ი. ტარის, ტომრების გარეშე მოჰქონდათ), საკვებითა და საჭირო წამლებით. ამ ფერმის გამგეები წინათ იყვნენ: პანტელეიმონ რატიანი, ალექსანდრე (ბუჭა) სურგულაძე, ჯემალ თოდუა, შოთა შალამბერიძე (ის გამგე იყო 1975 წლიდან 80 - იანი წლების ბოლომდე, ქვიშანჭალელი), მცირე ხანს რეზო გიგინეიშვილიც (პირველმაისელი) იყო ამ მეღორეობის ფერმის ხელმძღვანელ თანამდებობაზე (იყვნენ სხვა გამგეებიც);  სულ ბოლოს კი ჯონდო თოდუა, რომლის შემდეგაც 90 - იან წლებში ეს ფერმა დაიშალა და ის დღემდე ოლეგ რატიანს აბარია. ღორები გაყიდეს, შენობების ნაწილი და მოწყობილობები კი დაანგრიეს და დაიტაცეს. ამჟამად აქ ერთი დიდი ცარიელი, სახურავგადახდილი შენობა, მეორე დიდი შენობის კედლები, თეთრი აგურის ღია სამწყვდევის უკანა კედელი, მრგვალი, მიწის ზემოთ ამოშენებული აუზი (მასში ბოლო ხანს ადამიანები ბანაობდნენ) და მიწაში ჭა და აუზია შემორჩენილი. ეზოს კი, რომლის დიდი რკინის ჭიშკარი წაიღეს და მის ნაცვლად სარები დაარჭვეს მათივე კარით, მეტწილად ნარ - ეკალი და თხმელები მოედო (მოერია). ამ ადგილას ახლა ზოგიერთი მოსახლე (უმთავრესად მომვლელი ოლეგ რატიანი) დროგამოშვებით პირუტყვს აძოვებს, მანვე უკან დარგო თხილები, იქ არის სხვა ხეებიც.


ფ ე რ მ ა   შ ი გ ნ ი დ ა ნ


მაშინდელი მეღორეობის ფერმა


გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა


     სხვა მახლობელ ტერიტორიებთან ერთად ამ ფერმის ადგილასაც მოუწია მომავალი ავტობანის ასასვლელის მოწყობა, ამის გამო 2013 წლის აპრილის თვეში ის სპეციალისტებმა დაათვალიერეს და გაზომეს, 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ავტობანის მშენებლებმა შემორჩენილი ფერმის შენობაც დაშალეს, მასლის ნაწილი სატვირთო ავტომობილებით გაზიდეს, ნაწილი კი ადგილზე მოასწორეს, ხეებიც აიღეს. ამრიგად, ამ ფერმამ, რომელიც კომუნისტების დროს ჩვენი სოფლის ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი იყო, საბოლოოდ დაასრულა თავისი არსებობა.



Комментариев нет:

Отправить комментарий